(არცთუ) პრიმიტიული Server/Storage სახლის პირობებში :)

უკვე აღარ მახსოვს ბოლოს როდის დავწერე ბლოგზე რამე. მგონი სიცხე რო მქონდა 3 თვის წინ მაშინ :D ეგ იქეთ იყოს და ამ მოუცლელობის და გაწამაწიის ჟამს, როგორც ჭეშმარიტ geek-ს შეეფერება, მაინც გამოვნახე დრო რომ რაღაც ახალი გამეკეთებინა. გამომდინარე იქედან, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ :)

მაშ ასე, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, მცირედი შესავალი: გაგიკვირდებათ და სახლში კომპიუტერი მაქვს :D ჩვეულებრივი, დიდი ქეისით, DVD ჩამწერით, თითქმის ტერაბაიტი ვინჩესტერებით და რაღათქმაუნდა ხმაურიანი ქულერით :D იყო დრო, როცა ჩემი კომპიუტერი პრაქტიკულად არ ითიშებოდა, მაგრამ მას მერე რაც ჩემს ცხოვრებაში ნოუთბუქი გაჩნდა, ჩემი და კომპიუტერის ურთიერთობა ნელ-ნელა გაცივდა და ბოლოს საერთოდ გავუცხოვდით ერთმანეთის მიმართ :D

მოკლედ დიდი ხანია თავში მიტრიალებს აზრი, რა ჯანდაბა ვუყო კომპიუტერს. ოთახში დიდი ადგილი მიაქვს, ხმაურობს, ცალკე მაგისთვის უზარმაზარი მაგიდა ვიყიდე თავის დროზე, მტვრის ბუდეა და ა.შ. არადა მთლად უკომპიუტერობაც არ გამოდის, ლეპტოპზე 200 გიგაბაიტი მუსიკის შენახვა არც გამოდის და არც მინდა. ვაი და ლეპტოპს რამე დაემართოს? თითქმის 10 წლის მანძილზე ნაგროვებ ფონოტეკას ვერ შეველევი და შეიძლება ინფარქტიც დამემართოს :)

გარდა ამისა, დავიღალე პროექტების აქეთ-იქეთ ფლეშ მეხსიერებით წერით, სინქრონიზაციით და წვალებით. ხშირადაა მომენტები როცა რაღაც მჭირდება სამსახურში რაც სახლის კომპიუტერზეა, მე კი საღამომდე (ხანდახან მეორე დილამდე :D ) კომპიუტერამდე ვერ მივაღწევ. 24 საათი ჩართვაც დიდად არ მხიბლავს სანამ კომპი ოთახში დგას, ისეთს ღუღუნებს, რო ძილი კი არა, ხანდახან მუშაობაც წარმოუდგენელია :D

მოკლედ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე ჩემი კომპი სახლის პირობებში “გამესერვერებინა”. თავიდან ჩემს საყვარელ FreeBSD-ს აწევას ვაპირებდი, მაგრამ მერე, სად იყო და სად არა, წავაწყდი Windows Home Server-ს. ორი სიტყვით რა არის ეს უკანასკნელი: Windows Home Server-ი წარმოადგენს Windows Server 2003-ის შემსუბუქებულ ვერსიას, სასიამოვნო და მოსახერხებელი დანამატებით. სწორედ ეს დანამატებია, რის გამოც არჩევანი M$-ის პროდუქტზე შევაჩერე.

როცა ქსელში არის Home Server-ის მქონე კომპიუტერი, მისი მეშვეობით შეგიძლიათ:

  • ერთ ადგილას შეინახოთ მუსიკა, ფილმები, სურათები
  • გაწეროთ წვდომები მომხმარებლების მიხედვით
  • გქონდეთ თქვენი პირადი და საერთო საქაღალდეები
  • ავტომატურად მოახდინოთ მონაცემების სარეზერვო კოპირება თქვენი ლეპტოპებიდან სერვერზე

და რადგან მიუხედავად ყველაფრისა Home Server, სრულფასოვანი სერვერული ოპერაციული სისტემაა, შეგიძლია ზედ ასწიოთ:

  • ვებ-სერვერი
  • ftp სერვერი
  • მონაცემთა ბაზების სერვერი
  • გამოიყენოთ როგორც სატესტო გარემო
  • გამოიყენოთო როგორც Source Control სერვერი
  • გახსნათ წვდომა გარედან და დაუკავშირდეთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი კომპიუტერიდან რომელიც ინტერნეტშია ჩართული, თქვენს სერვერს.

თვითონ სერვერის ინსტალაცია და გამართვა ძალიან მარტივია. ყოველ შესვლაზე გამოდის ფანჯარა რომელიც გახარებთ რომ სასურველია სერვერზე საერთოდ არაფერი დააყენოთ და ხელი არ მოკიდოთ, მაგრამ მე მიუხედავად გაფრთხილებისა ზედ ვამუშავებ:

  • IIS
  • MS SQL
  • FTP
  • Apache + PHP
  • MySQL

და ჯერ-ჯერობით ძალიან მომწონს, არც რაიმე განსაკუთრებულ პრობლემებს შევჩეხებივარ და არც წარმადობას დატყობია რამე. მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ ვინჩესტერი შეგიძლიათ ამუშაოთ 2 რეჟიმში, Storage-ს ნაწილად ან უბრალოდ ვინჩესტერად. საქმე იმაშია, რომ ინსტალაციის დროს, ინსტალატორი მთელ ვინჩესტერს აფორმატებს და ორ ლოგიკურ დისკს ქმნის. ჩემს შემთხვევაში სისტემისთვის 20 გიგაბაიტიანი დისკი შექმნა, ხოლო დარჩენილი სივრცე მონაცემების შესანახად გამოიყენა. თუ ამის შემდეგ დამატებით ვინჩესტერს ამატებთ, ის ჩვეულებრივად ჩანს და წვდომადია. მაგრამ თუ ამ ვინჩესტერს Storage-ს რეჟიმში ჩართავთ, მაშინ სერვერი მთლიანად დააფორმატებს მას მაგრამ My Computer-ში ახალი ლოგიკური დისკი არ დაემატება. რატომ? რატომ და იმიტომ, რომ ახალი ვინჩესტერის ხარჯზე გაიზრდება მონაცემების ლოგიკური დისკი და მთელი დისკური სივრცე ერთ ლოგიკურ დისკში იქნება ხელმისაწვდომი. უნდა ვთქვა რომ ძალიან მოსახერხებელია. Storage რეჟიმიც 2 ქვე-რეჟიმს ითვალისწინებს, პირველის შემთხვევაში საერთო დისკური სივრცე იზრდება, მეორეს შემთხვევაში კი მეორე ვინჩესტერი Mirroring რეჟიმში მუშაობს და მონაცემების სარეზერვო ასლებს ინახავს. რომელი უფრო გჭირდებათ, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

წვდომებიც საკმაოდ მარტივია: არის საერთო საქაღალდეები, სადაც წვდომა ყველას აქვს, გარდა ამისა, თითოეულ მომხმარებელს აქვს საკუთარი საქაღალდეები, რომელზე წვდომასაც თვითონ ან სისტემის ადმინისტრატორი განსაზღვრავს.

ადმინისტრირება ძალიან მოსახერხებელი კონსოლით ხორციელდება. კონსოლი როგორც სერვერზე, ისე კლიენტ კომპიუტერებზე ყენდება და უპრობლემოდ მუშაობს. სინქრონიზაციისა და სარეზერვო ასლების განსახორციელებლად კლიენტ კომპიუტერებზე სპეციალური აგენტები უნდა დაყენდეს და დაკონფიგურირდეს. არც აქ წავწყდომივარ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს.

საბოლოო ჯამში ჩემი მრავალტანჯული კომპი უკვე ორი დღეა აივანზე, კარადაში დგას, მიერთებულია ქსელთან და გამოიყენება როგორც საერთო Storage 2 ლეპტოპისათვის და როგორც Development/Test სერვერი პირადად ჩემი საქმიანობისათვის. მე კი ამასობაში ვზივარ ჩემს ლეპტოპთან, მიერთებული მაქვს ზედ მეორე მონიტორი, ბლოგზე ახალ პოსტს ვწერ და თავს ბედნიერად ვგრძნობ :) ერთადერთი ჯერ ის ვერ მოვიფიქრე, როგორ შევაერთო ჩემი აუდიო სისტემა ჩემი სერვერის აუდიო ბარათზე რომელიც თავის დროზე საკმაოდ ძვირი დამიჯდა. :D

თუ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ თქვენც მიხვედით დასკვნამდე რომ ყოველთვის გინდოდათ ასეთი რამ გქონოდათ, შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ ინსტალაცია! :)

Windows Home Server-ს ვქაჩავთ აქედან და 30 დღის მანძილზე (თუ განახლებებს არ დავაყენებთ) ვტკბებით უფასო ვერსიით. (განახლებების დაყენების შემდეგ ეგრევე უარს ამბობს მუშაობაზე :) ) თუ გვინდა ვიხდით სადღაც 300 თუ 400 მარადმწვანე პრეზიდენტის თავს და ვტკბებით ლიცენზირებული ვერსიით. თუ ეს ვარიანტი რაიმე მიზეზით არ გვაწყობს, მაშინ ვქაჩავთ TimeBomb-ის წამალს აქედან და AntiWPA-ს აქედან. პირველი 30 დღიან პერიოდთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებს, მეორე აქტივაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. პირველის გასაშვებად დაგჭირდებათ რომ გეყენოთ VB6 Runtime, რომელსაც ვქაჩავთ აქედან. მას შემდეგ რაც Home Server-ს დააყენებთ (უნდა ვთქვა რომ ძალიან დიდი ხანი ყენდება) ჩართეთ ქსელში და გააკეთეთ განახლებები, დაახლოებით 100-მდე განახლებას მოქაჩავს. განახლებების დაყენების შემდეგ ჩართვაზე უარს იტყვის :) შედიხართ Safe Mode-ში, აინსტალირებთ VB6 Runtime-ს, უშვებთ NoTimeBomb-ს, შემდეგ AntiWPA-ს. გადატვირთავთ და თავს გრძნობთ ბედნიერად :)

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია ოფიციალური რესურსი გამოიყენოთ. მონაცემების წარმატებულ ცენტრალიზაცია/სინქრონიზაციას გისურვებთ :)

P.S. განსაკუთრებული მადლობა ამ ყველაფრისთვის, ამ არაჩვეულებრივ ადამიანს

  1. ბევრად მარტივად ვაგვარებთ მსგავს პრობლემებს GNU/Linux-ის გარემოში…
    ბევრას სწრაფად, ბევრად ხარისხიანად, ბევრად უსაფრთხოდ, ბევრად მოქნილად გამოდის ყველაფერს ეს აქ… :)

  2. საინტერესოა, სულ მინდოდა მეცადა და თავი ვერაფრით ვერ მოვაბი. ეხლა ნამდვილად ვცდი.

    xokaido :
    ბევრად მარტივად ვაგვარებთ მსგავს პრობლემებს GNU/Linux-ის გარემოში…
    ბევრას სწრაფად, ბევრად ხარისხიანად, ბევრად უსაფრთხოდ, ბევრად მოქნილად გამოდის ყველაფერს ეს აქ…

    ბევრად მეტად გვიხარია ჩვენ თქვენს მაგივრად

  3. @xokaido - სიმართლე გითხრა, აქაც საკმაოდ სწრაფად, საკმაოდ ხარისხიანად და რაღა დაგიმალო და საკმაოდ უსაფრთხოდ მოგვარდა ყველაფერი :) კაცია და გუნება ;)

    @დიტო - სცადე, სცადე, კმაყოფილი დარჩები :)

    P.S. არავითარი პლატფორმათაშორისი ბრძოლები ჩემს ბლოგზე. ნებისმიერი მსგავსი კომენტარი ამოიშანთება ბაზიდან :)

  4. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, სამწუხაროდ ისეთი მონაცემების კომპიუტერი არ მაქვს, როგორც შენ, თორემ ალბათ გამოვიყენებდი პრაქტიკაში შენს გამოცდილებას . . .